თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთმა უარი თქვა აშშ-ის შეთავაზებაზე, უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო თავდაცვის სისტემა „S-400“ გადაეცა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები სთავაზობდა თურქეთს, რუსეთისგან შეძენილ სარაკეტო სისტემაზე კონტროლი გადაეცა აშშ-სთვის ან სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად, უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს.
ჩავუშოღლუს თქმით, ეს წინადადება თურქეთისთვის მიუღებელია, რადგან თურქეთის სუვერენიტეტის ხელყოფას ისახავს მიზნად.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გვთხოვა „S-400”-ების გაგზავნა უკრაინაში და ჩვენ უარი ვუთხარით“,- განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქული მედიის ცნობით, 2017 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემის მოპოვების ხანგრძლივი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთთან უახლესი „S-400” ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესაძენად.