გოგებაშვილზე სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე დაცვის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კახაბერ კამლაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. საუბარია ფაქტზე, როცა ჩასაფრებულმა მამაკაცმა კამლაძის დაცვის ობიექტს – გიჩო მარგველაშვილს რამდენჯერმე ესროლა, კამლაძე კი მას გაეკიდა და საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელი გარდაიცვალა.

პროკურატურამ ბრალდება გადააკვალიფიცირა და კამლაძეს ბრალი დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით.

მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ძირს დაეცა.ს.გ. მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ.მ.-ს და კვლავ განახორციელა გასროლა მისი ფეხების მიმართულებით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყველა დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული “გლოკ 17” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით. მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა. კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები