ქართული მხარე საქართველოში ტერორისტების მომზადებას გამორიცხავს

თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში ტერორისტული მიზნებისთვის ჯგუფები გადამზადებას გადიოდნენ, სუს-ში არარეალურს უწოდებენ. როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ განაცხადა, ცალსახად გამორიცხულია  უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაცია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზები არსებობდა.

„აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს ტერორისტების და მებრძოლების მომზადება. მეტსაც გეტყვით, სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიების ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული ხასიათის ინფორმაცია, საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ოპერატიულად გავუზიარეთ ჩვენს პარტნიორებს. ამასთან, ინფორმაცია მივაწოდეთ თურქულ მხარეს და შესაბამისად, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თურქეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა და სხვადასხვა დანაყოფებმა თურქეთის ორ ლოკაციაზე ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა გუშინ, 5 მაისს”, – განაცხადა ბაჩა მგელაძემ.

რაც შეეხება დაკავებულ ერთ უცხოელს, როგორც მგელაძემ განაცხადა,  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ვერაფერს იტყვის.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში დაკავებული 74 პირი კავშირში იყვნენ ისლამურ სახელმწიფოსთან და თურქეთში გადამზადების ბაზების შექმნას ცდილობდნენ. მედიის ინფორმაციით, ეს ადამიანები სამხედრო მომზადებას საქართველოში გადიოდნენ.

საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც სხვადასხვა „აქტივობას“ გეგმავდა

მსგავსი თემები