საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც სხვადასხვა „აქტივობას“ გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები გამოვლინდა, რომელიც უცხო ქვეყნებში იგეგმებოდა. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რომელიც უცხო ქვეყნებში  ტერორისტული აქტივობების მზადებას ადასტურებს.

“ჩვენს მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები. მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ.

საერთაშორისო ტერორისტული რისკებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციები ოპერატიულად იქნა გაზიარებული საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან. ამასთან, სამსახურში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ საიმედო პარტნიორად. ამასთან, ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე“, – განაცხადა მგელაძემ.

 

მსგავსი თემები