სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზის ტერასებზე გაშენების პროცესი იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, სადაც მესხური ვაზის გაშენების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

სამცხე-ჯავახეთში ფერმერებისთვის  ენდემური ვაზის ნერგების უსასყიდლოდ გადაცემა და გაშენება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში ხორციელდება.

აგრობიომრავალფეროვნების აღდგენა და დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორისაა ახალი პროექტი, რომელიც წელს დავიწყეთ და რომლის მიზანი მესხური ვაზის და ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების ისტორიულ სამშობლოსთან დაბრუნებაა. პროექტის ფარგლებში ადგილობრივებს წარმოებისთვის უსასყიდლოდ გადავცემთ მესხური ვაზის ნერგებს და ხორბლის თესლს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, დღეისათვის, მესხური ვაზის 26 ჯიში გვაქვს მოძიებული.

მათი დიდი ნაწილი აღდგენილია ჩვენს უნიკალურ ჯიღაურას ბაზაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობს. აღნიშნული გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ პროექტები, რომელთა მიზანიც არის, ერთი მხრივ, დავიცვათ ჩვენი ბიომრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, დავეხმაროთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკური პირობები“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტის თვეში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა 14 ბენეფიციარი ფერმერული მეურნეობა, რომელიც 96 ფერმერს აერთიანებს. ვაზის ტერასებზე გაშენების პროცესი უკვე დაწყებულია; სხვადასხვა ლოკაციაზე 3 ათასი ნერგი ირგვება.

მსგავსი თემები