გიორგობასთან დაკავშირებით, მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა ტარდება

მართლმადიდებელი ეკლესია  გიორგობის დღესასწაულს  აღნიშნავს.  ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ტარდება.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

მსგავსი თემები