,,ღია ვარ ყველაფრისთვის, ჩემი დამოკიდებულება „ქოლცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური”- გიორგი ვაშაძის ძმა

,,ღია ვარ ყველაფრისთვის და ჩემი დამოკიდებულება „ქოლცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური,”-  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმამ დავით ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობაში სასტუმროს ფლობს და ამბობს, რომ მას შეხება მხოლოდ სასტუმროსთან ჰქონდა.

„ჩემი ნაწილი ამ შენობაში არის მხოლოდ სასტუმრო. საერთოდ არანაირ გადაწყვეტილებაში არ ვარ ჩართული. შენობის 25 პროცენტი შენობაში არის ჩემი, მაგრამ ეს 25 პროცენტი არის მეორე სართულის სასტუმრო. მე, როგორც 25 პროცენტის მფლობელს, საერთოდ არ მაქვს არანაირი უფლება უძრავ ქონებაში გადაწყვეტილების მიღებაში, ხელშეკრულების გაფორმებაში. დირექტორი ვინც არის, შეგიძლიათ, ნახოთ და ესაუბრეთ დირექტორს.

„ქოლცენტრზე” არასდროს არაფერი არ მსმენია. ჩემი სასტუმრო რატომ უნდა იყოს დალუქული, რა კავშირშია. ღია ვარ ყველაფრისთვის და ჩემი დამოკიდებულება „ქოლცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური. უბრალოდ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ რაღაცნაირად მეც ამასთან შეხებაში ვიქნებოდი. გუშინ მართლწესრიგის პოლიცია დამიკავშირდა ჩემი სასტუმროდან, რომ რა ხდება ზემოთო. მხოლოდ მერე გავიგე, რა ხდებოდა და მერე პოლიცია რომ იყო მოსული, მათ თქვეს, რომ „ქოლცენტრის“ საქმეზე არიანო ზემოთო“, – განაცხადა დავით ვაშაძემ.

ცნობისთვის,  თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,  აღნიშნულ  ოფისში ე.წ. ქოლცენტრი ფუნქციონირებს, რომელთანაც კავშირი გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას აქვთ.

მსგავსი თემები