,,ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის”- ირაკლი ღარიბაშვილი

ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია, – ამის შესახებ  პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

მისი თქმით, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე.

„რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც, და არაერთხელ მთელს ისტორიაში. ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ თავისუფლებას – ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. არავინ ებრძვის თავისუფლებას – მონობის სახელით, არამედ – ცრუ თავისუფლების; არავინ უპირისპირდება სიმართლეს – სიცრუის სახელით, არამედ – ყალბი სიმართლის სახელით;

როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით – ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის – მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ეგრეთწოდებული „სიახლეების“ იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს,  საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა – ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა – უფესვებო ადამიანის მართვა ადვილია.

ამიტომაც,  ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია. დღესაც, დრამატულ განახლებათა – ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარების, ინდუსტრიული ზრდის, ურბანიზაციის, სოციალურ ცვლილებათა და გლობალიზაციის ეპოქაში, ჩვენ კვლავ, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, გვჭირდება მორალური ორიენტირები, რომელთაც სწორედ ჩვენი ტრადიციები და ფასეულობები გვთავაზობს. სწორედ განახლების, განვითარების, არსებითი წინსვლის სურვილი მოითხოვს, რომ ყველა ახალ დაპირებას მკაფიო, დროში გამოცდილი კრიტერიუმების, ისტორიული ფასეულობების შუქზე შევხედოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ვინმესადმი დაპირისპირებას. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს – არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს – სხვათა ინტერესების გამო,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები