,,რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს”- ღარიბაშვილი

,,რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება,” – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

მისი თქმით, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლის, სასტიკი ნგრევის შეჩერება უდიდეს საერთო ძალისხმევას მოითხოვს.

“დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა – მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ,  რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.  ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში; ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო; ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ;

ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია. მაგრამ როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად”,- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები