აშშ-ს საელჩო საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზე განცხადებას ავრცელებს

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მათ ქართულ მხარესთან ერთად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილიყო მიმართული.

„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულის მიზეზად ფინანსების სხვა მიმართულებით წარმართვა დასახელდა.

 

მსგავსი თემები