ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმისათვის, რომ პირი ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეს, საჭიროა ცხოველის დარეგისტრირება.

,,დაირეგისტრირეთ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში და გაასტერილეთ უფასოდ. იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია.

არაიდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისას პატრონი ვალდებულია, ასევე მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია,  რაც გულისხმობს ცხოველისათვის უნიკალური ნომრის მინიჭებას. იდენტიფიკაციის საშუალებაა ჩიპირება, რომლის დროს ხდება ცხოველის კანქვეშ ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროჩიპის მოთავსება, რომელზეც არის დატანილი აღნიშნული ინდივიდუალური ნომერი.

სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში მყოფი ცხოველის იდენტიფიკაციის (ჩიპირების) საფასური მუნიციპალურ თავშესაფარში 19 ლარს შეადგენს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები