ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია. ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს.
კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას კარგად აფასებს ცხრა პროცენტი, საშუალოდ – 42 პროცენტი, ცუდად – 48 პროცენტი.
კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.
გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
კითხვაზე, რამდენად ხართ ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას – 35 პროცენტი ამბობს, რომ დარწმუნებულია, 50 პროცენტი არ არის დარწმუნებული, 15-მა პროცენტმა არ იცის.