მომხმარებლებმა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს 6 თვეში 213 განაცხადით მიმართეს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე – 35 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი – 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 77% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 22% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 90%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 5% და აჭარა 2%.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 62, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 67, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 21, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 11, ხოლო სხვა დანარჩენი 52.

საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 10%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 14%-ია.

ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი: 598 05 4422 და ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge

მსგავსი თემები