თბილისში დაავადებული ცხენის ხორცის პროდუქტებს ყიდდნენ – პასუხისგებაში სამი პირი მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე. შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

 

მსგავსი თემები