,,მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო!”- იაგო ხვიჩია

,,მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო! „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა – „მოატყუე და იბატონე“,- ამის შესახებ ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის ტიპი „მაფიოზურია“.

„თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზარ-ზეიმით წარმოადგინა ინსტიტუციური ცვლილება, რომ 50 კაცს შეეძლო საგამოძიებო კომისიის შექმნა. დღეს, ფაქტობრივად, პარლამენტმა თქვა, რომ უმრავლესობას თუ არ უნდა, საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ანუ დაირღვა პარლამენტის ის ნორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ მიიღო. დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ უნდა ამეხსნა, რა ტიპის მმართველობაა ეს. ყველაზე მეტად ეს არის მაფიოზური მმართველობა. მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო!

რით განსხვავდება ეს მმართველობა სახელმწიფო მმართველობისგან – თუ პოლიტიკური მმართველობის მიზანი ქვეყნის აღმშენებლობა და უკეთესი ქვეყნის მიღწევაა, ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, მაფიოზური ხელისუფლების მიზანია, მოიგონოს იდეალური ტყუილი, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს კონკრეტული ტერიტორიის მართვა. „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა – „მოატყუე და იბატონე“. სინამდვილეში გვინდა, რომ ამ საყოველთაო ტყუილში იცხოვროს ქართველმა ხალხმა. კიდევ რა არის დამახასიათებელი მაფიოზური მმართველობის – ის, რომ არ უნდა არსებობდეს არცერთი ინსტიტუცია, რომელსაც პატივს სცემ; არ უნდა არსებობდეს არცერთი დაწერილი კანონი; არ უნდა შექმნა ისეთი კანონი, რომელიც შენივე საწინააღმდეგოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ანუ, ზოგადად, მაფიოზური მმართველობის დამახასიათებელი ისაა, რომ კანონები ქაღალდზე არ უნდა ეწეროს,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები