,,საქართველო არ მონაწილეობს სამხედრო სწავლებაში, რაც ნატოსგან დისტანცირების მკაფიო სიგნალია”- თეონა აქუბარდია

„30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალებს 32 წელი შეუსრულდა და თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის ძალების დღეს კრემლს გაუგონარი საჩუქარი მიართვა“, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სწავლებაში საქართველოს არ მონაწილეობა ლოგისტიკური ხარჯებით ახსნა, რაც სიცრუეა.

„ნატო-ს სწავლებაში, სადაც საქართველო წლებია მონაწილეობს, მთავარი იდეაა რუსეთის აგრესიის შეკავებაზე ფოკუსირება და შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან და მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად სამხედრო სწავლებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. რუსეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ამ სამხედრო სწავლებას და გამოხატავდა კიდეც თავის უკმაყოფილებას და ამ მოცემულობაში საქართველოს არ მონაწილეობა პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის. წლების განმავლობაში საქართველო მონაწილეობს აღნიშნულ სწავლებებში და ორი წლის წინ უმასპინძლა კიდეც სამხედრო სწავლებას. როგორც წესი, სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა ჩვენი პარტნიორების მიერ იყო უზრუნველყოფილი როგორც ლოგისტიკურად, ასევე სხვა ხარჯებით. სამხედრო სწავლებაში არ მონაწილეობა არის მკაფიო სიგნალი ნატოსგან დისტანცირების, დასავლეთისგან დისტანცირების და იმის, რომ საქართველოსთვის აღარ არის დეკლარირებული ეროვნული ინტერესი ნატო-ში გაწევრიანება ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

პარლამენტის წევრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართავს.

მსგავსი თემები