თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

პროკურატურამ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში,  გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა დაბარებული სერგო შუბითიძე უწყებაში.

,,29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში,  გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა დაბარებული სერგო შუბითიძე, რომლის წარმომადგენელი 1 მაისს დაუკავშირდა თბილისის პროკურატურას და შესაბამისად, მისი გამოკითხვა, დღეს, 2 მაისს შედგება,”- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

,,რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი,  ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და  ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე

აქვე აღვნიშნავთ, რომ მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები