,,საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული. მისივე თქმით, სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რამეს ვაყვედრით. ღმერთმა დამიფაროს. პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინელების წარმატება. თუმცა რეალურად რომ შევხედოთ, პარამეტრებით და ციფრებით, საქართველო არის პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული – რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.

კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს. ამის შემდეგ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები