,,ვგულშემატკივრობთ უკრაინას, მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს”- სალომე ზურაბიშვილი

,,სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად ვხედავთ, რომ უცხო შემოჭრილი ძალა ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა და ძველ ფორმებთან ერთად გაჩნდა მთელი რიგი ახალი საფრთხეებისა.

,,დღესაც, 21-ე საუკუნეში, აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრონულად ჟღერდეს, ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რამეთუ აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი. თუმცა სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად ვხედავთ, რომ უცხო შემოჭრილი ძალა ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში, საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები. ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას.

ამ დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა. მსოფლიოში და მით უმეტეს ევროპულ კონტინენტზე გამოიწვია საფრთხის ახალი აღქმა, რასაც უკრაინის მიმართ არნახული დახმარების გაწევა, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის მნიშვნელობის გამტკიცება მოჰყვა. შვედეთისა და ფინეთის კანდიდატურებიც ამას ამტკიცებს,”-  განაცხადა პრემიზიდენტმა.

მსგავსი თემები