კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტი საფრანგეთის გამორჩეული მეგობრობის დასტური და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა – ილია დარჩიაშვილი

„კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტი საფრანგეთის გამორჩეული მეგობრობის დასტური და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით. პირველ რიგში, ვიზიტი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მრავალგანზომილებიანი და მჭიდრო თანამშრომლობის გამოძახილია; ამასთან, ევროპის კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, ვიზიტი საფრანგეთის გამორჩეული მეგობრობის დასტური და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით,  საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების სიმტკიცე მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირზე, საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დამყარებული.

მინისტრის  ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აღინიშნა, რომ  საქართველოს მისწრაფება და ცივილიზაციური არჩევანი, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მტკიცეა და ქართველი ხალხის ურყევ ნებას გამოხატავს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, განაგრძობს საქართველოს მიმართ მხარდაჭერის კონსოლიდირებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის  12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში.

„საფრანგეთს შეუძლია ჰქონდეს საქართველოს იმედი, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა სანდო პარტნიორია, რომელიც აგრძელებს ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების ხელშეწყობას, ასევე კონსტრუქციული როლის შესრულებას, რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები