მეუღლის ცემისთვის შალვა იაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა იაშვილს, რომელმაც მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის ინფორმაციით, ტაბახმელაში, სადაც საცხოვრებელ სახლში შალვა იაშვილი და რენატა ბეგიაშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ, ყოფილ მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შალვა იაშვილმა რენატა ბეგიაშვილს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც მას თვალი გაუსივდა, ჩაუშავდა და ჩაუსისხლიანდა.

ბრალდების მხარის განმარტებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პატაკი, რომლის თანახმად, რენატა ბეგიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტომასალა, სადაც მიუთითა, რატომ მიიღო დაზიანებები.

დაცვის მხარე სასამართლოსგან  5 000 ლარიან გირაოს თხოვდა და ამტკიცებდა, რომ იაშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობდა.

„ვინმე ამბობს, რომ შალვა იაშვილმა დაარტყა ბეგიაშვილს? პირიქით, ოთხივე ადამიანი ამბობს, რომ რენატა ბეგიაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას შალვა იაშვილს… რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს დეკორაციული ჯაჭვი შემოახვია კისერზე, ახრჩობდა, შალვა იაშვილმა შეძლო და მოიშორა რენატა ბეგიაშვილი”, – განაცხადა ადვოკატმა თეონა გვაზავამ.

მისივე თქმით, ამოღებულია დანა დაზიანებულ მდგომარეობაში, რომლის გამოყენებასაც რენატა ბეგიაშვილი შალვა იაშვილის მიმართ აპირებდა.

​სასამართლოს ბრალდებულმა შალვა იაშვილმაც მიმართა.

“რენატა ბეგიაშვილისგან მონაყოლი ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე”, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები