კომპანია „ფოსტალონთან“ დაკავშირებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ახორციელებს

დაზარალებული მომხმარებლები, რომლებიც გადამზიდავი კომპანია „ფოსტალონის“ მსხვერპლნი გახდნენ, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის დასრულებას ელოდებიან. დაზარალებულთა შორისაა „მედიაცენტრი მთავარი“ რომელსაც „ფოსტალონმავიდეოაპარატურა დაუკარგა.

კომპანია ყოველგვარ პასუხისმგებლობას თავს არიდებს და აცხადებს, რომ მას ამანათი არ ჩაუბარებია.

როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ „მედიცენტრ მთავარში“ განაცხადა, გადაწყვეტილებას კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით მალე გამოაცხადებენ.

„ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს 9 მომხმარებლის განცხადება. პრობლემები თითქმის იდენტურია. „ფოსტალონი“ არის ამანათების გადამზიდავი კომპანია, რომელსაც უცხოეთიდან საქართველოში ტვირთები ჩამოაქვს. საქმე ეხება ნივთების გზაში დაკარგვას და სათანადო დროში არჩამოტანას. ჩვენ ერთთვიანი ვადა გვქონდა ამ საკითხის განხილვის, თუმცა, ვადა 3 თვემდე გაგრძელდა საქმის სირთულიდან გამომდინარე. გვგონია რომ ძალიან მალე გვექნება გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და მაქსიმალურად და გარანტირებულად მინდა გითხრათ თქვენც და ყველა მომხმარებელს, ვისაც ამ კომპანიის მიმართ აქვს გარკვეული პრეტენზიები, რომ საკითხი იქნება ძალიან საფუძვლიანად შესწავლილი და გადაწყვეტილებაც იქნება სათანადო, რომელიც უპასუხებს მომხმარებელთა ინტერესებს. ვფიქრობ, რომ კომპანია გაიაზრებს სირთულეს მომხმარებელთა ურთიერთობის და იქნება ადეკვატური. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას“ – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება „მედიაცენტრი მთავარის“ ისტორიას, შემდეგია:

გამოვიწერეთ ვიდეოკამერა, შტატივი და მიკროფონი. ამანათი მითითებულ მისამართზე მიიტანეს 24 დეკემბერს, რაც ელექტრონულადაც გადავამოწმეთ და შეტყობინებაც მოვიდა, რომ მიტანილია. კომპანიაში კი გვითხრეს, რომ ამანათი არ მიუტანიათ მათთან. მაღაზია, სადაც ამანათი ვიყიდეთ, მივიღეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მაღაზიამ ამანათი ნამდვილად ჩააბარა „ფოსტალონის“ მისამართზე. გამომიგზავნეს ყველა დოკუმენტი, როდის მიიტანეს, სად მიიტანეს და ვინ ჩაიბარა.

გამომიგზავნეს ხელმოწერილი დოკუმენტი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მას შემდეგ, რაც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ და მედიაში ინფორმაციაც გავავრცელეთ, იმავე დღეს „ფოსტალონმა“ გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ჩვენი ამანათი მიტანილია მათ ოფისში. მას შემდეგ 4 თვე გავიდა. 4 თვის თავზე, „ფოსტალონმა“ ვიდეოკამერის, მიკროფონისა და შტატივის ნაცვლად, მხოლოდ შტატივი ჩამოიტანა და მიკროფონი და ვიდეოკამერა სად გაქრა არავინ იცის. კომპანიის დირექტორი ანა ხანდამაშვილი კონტაქტზე არ გამოდი, არც შეტყობინებებს პასუხობს და არც სატელეფონო ზარებს.

ისტორია იდენტურია „უსა თუ ჯორჯიისა“, რომელთანაც კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა და კომპანიას სოლიდური ჯარიმაც დაეკისრა.

თუ სააგენტომ „ფოსტალონის“ წინააღმდეგაც ანალოგური გადაწყვეტილება გამოიტანა, კომპანიას მოუწევს აღიაროს დარღვევა და გამოასწოროს მომხმარებლებთან ურთიერთობა, რაც მათ დაკმაყოფილებას გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას ჯარიმის სახით წლიური ბრუნვის 2%-ის გადახდა მიუწევს, ასევე, დავა გაგრძელდება სასამართლოში.

“მედიაცენტრი მთავარი” არ გამორიცხავს, თაღლითობისთვის პროკურატურასაც მიმართოს.

 

 

მსგავსი თემები