ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები გაიტაცეს – დაკავებულია 6 ადამიანი

აფხაზეთში, რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებისა და მათგან თანხის განსაკუთრებით დიდი მასშტაბით გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, 14 აპრილის საღამოს, სოხუმის სავაჭრო კომპლექსის სოხუმის მარკეტის მიმდებარე პარკინგის ტერიტორიიდან, რუსეთის მოქალაქე ლეონიდ შოკლერი ავტომობილში ჩასვეს და სოხუმის რაიონ სოფელ აჩადარაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე იძალადეს.

„2023 წლის 18 აპრილამდე ლეონიდ შოკლერი არაერთხელ იყო გადაყვანილი სხვადასხვა მისამართზე. ის მხოლოდ დედისგან 5000 აშშ დოლარის ოდენობის გამოსასყიდის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს“, – ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, 19 აპრილს შუადღისას სოხუმში, შოკლერის დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან მისი მეგობარიც გაიტაცეს.

„მოტყუებით გატაცებული გალის რაიონის სოფელ ოქუმში გადაიყვანეს. მის მიმართ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მიუხედავად, ისმალ შეიხმა მოახერხა უკანონო დაკავების ადგილიდან გათავისუფლება და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი  22 აპრილს დააკავეს, მათ პატიმრობა შეეფარდათ. ხოლო 24 აპრილს დანაშაულის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე დააკავეს.

მსგავსი თემები