,,ჩვენი თანამშრომლები უკვე იმყოფებიან კაიროში, საიდანაც მოხდება მათი საქართველოში ჩამოყვანა”- ავიაკომპანია ინფორმაციას ავრცელებს

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“  ევაკუირებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანიის თანამშრომლები კაიროში იმყოფებიან, საიდანაც მოხდება მათი საქართველოში ჩამოყვანა.

„გვსურს, გაგიზიაროთ ბოლო სიახლეები ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის შესახებ. დღეს ისინი უკვე იმყოფებიან კაიროში, სადაც დაისვენებენ და შემდეგ მოხდება მათი ჩამოყვანა საქართველოში. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო სუდანის საზღვრიდან ქაირომდე ჩვენი თანამშრომლების ტრანსპორტირება საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანხლებით.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თურქეთში საქართველოს კონსულს, ბატონ კონსტანტინე კოტარიას, რომელიც უწყვეტად უკავშირდებოდა ავიაკომპანიის მენეჯმენტს და აწვდიდა ყველა საჭირო ინფორმაციას.

ასევე, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის პროცესში და ყველა იმ ადამიანს, ვინც თანაუგრძნობდა და მხარს უჭერდა ჩვენს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები