მხარეებმა რეგონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოზეც ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკაზე და ორმხრივი თანამშრომლობის დატვირთულ დღის წესრიგზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრისას განხილულ იქნა მოახლოებული ნატოს ვილნიუსის სამიტი.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი და დიდი წვლილი შეიტანა საერთო-ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე აღინიშნა, რომ მოკავშირეების დახმარებითა და მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვითი შესაძლებლობები.

მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ კუთხით.

 

მსგავსი თემები