„იმ ოთახში მგონი რაღაც აერიათ“ – გია ვოლსკი IRI-ის კვლევაზე  

„სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში, მუდმივად ცდილობენ, წელიწადში რამდენჯერმე თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევებით“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი IRI-ის კვლევებზე.

„თავს ირცხვენენ კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, ანუ 2024 წელს არჩევნები რომ იყოს, გამარჯვების გარკვეული შანსები გააჩნია კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება ხაბეიშვილის, ვაშაძის, ხოშტარიას, ჯაფარიძის, ვანო მერაბიშვილისა და ასეთი პოლიტიკური სუბიექტებისგან. გაიმარჯვებს და ასეთი კოალიციური მმართველობა შედგება იმ კანონის მიხედვით, რომელიც შექმნა და რომლის ავტორი და მიმღები „ქართული ოცნებაა“, ელექტრონული არჩევნებით და პროპორციული სისტემით. IRI-მ ამჯერად ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ამბობს, რომ სასამართლოს არ ენდობა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ენდობა და ამავე დროს, მხოლოდ ერთ პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლო რაიმე პრობლემას უქმნის ქვეყანას“ – აცხადებს ვოლსკი.

მისივე შეფასებით, ეს არ არის კვლევა.

„იმ ოთახში მგონი, რაღაც აერიათ, როდესაც ამ ციფრებს და მონაცემებს წერდნენ. ასეთი კვლევების მიმართ არაერთხელ გამოგვიხატია დასაბუთებული უნდობლობა. ძალიან ბევრი საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ ეს ის კვლევა არ არის, რომელსაც ნამდვილად კვლევა ჰქვია და მას ოდესმე გაემართლებინოს იმ სინამდვილეში, რომელიც 2011 წლიდან მომდინარეობს“ – აცხადებს ვოლსკი.

 

მსგავსი თემები