ირაკლი კვარაცხელიას გვამი გაკვეთილი იყო და ლპობაში იმყოფებოდა – რა დაზიანებები ჰქონდა აფხაზეთში გარდაცვლილს?!

გალში მოკლული, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გვამის პირველადი დათვალიერების შესახებ, ექსპერტმა, ირაკლი თოიძემ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, როცა გვამი ქართულ მხარეს გადმოეცა, ის უკვე ლპობის საწყის ფაზაში იყო. გვამს კისრის არეში აღენიშნება ღარი, რაც დამახასიათებელია თოკით, მავთულით ან სხვა მსგავსი საგნის გამოყენებით
ჩამოხრჩობისთვის. ასევე, მცირე ზომის დაზიანება კისრის არეში, მარცხენა მხარეს, სისხლნაჟღენთის სახით და მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე.

როგორც ექსპერტი განმარტავს, გვამს არ აღენიშნება ძვლების ტრავმული დაზიანებები. შინაგან ორგანოებს, რაც შეეხება, ისინი მუცლის ღრუში ჩაბრუნებული იყო.

“ხელმეორედ ავიღეთ მასალა და გამოვიკვლიეთ ეს ორგანოები. გარეგნული დაზიანებების წარმოშობის მიზეზის ზედაპირული დათვალიერებით დადგენა ძნელია, რადგან გვამის ლპობა დაწყებულია. დაზიანებების  მიდამოებიდან აღებულია მასალა და გადაგზავნილია ლაბორატორიაში. ისინი მოგცემენ ინფორმაციას სიცოცხლეშია მიღებული ეს დაზიანებები, თუ სიკვდილის შემდეგ არის განვითარებული”, – აცხადებს ირაკლი თოიძე.

მისივე ინფორმაციით, გვამს პირველადი ექსპერტიზა სოხუმში ჩაუტარდა, საიდანაც გადმოასვენეს.

“ექსპერტიზა გარდაცვალებიდან მესამე დღეს ჩაუტარდა. თვითმკვლელობა, მკვლელობა, უბედური შემთხვევა, ამის დამდგენი არის იურიდიული ორგანოები. წინასწარ სავარაუდო დასკვნას ვერ გავაკეთებთ, მივიღებთ პასუხს და მივალთ შედეგამდე. გვამური მასალა აღებულია. ​ეს დაზიანებები სიკვდილის დადგომამდე მოკლე ვადაში არის განვითარებული. აღსანიშნავია, რომ სხეულის სხვადასხვა მიდამოში, – ორივე კიდურის მიდამოში და მუცლის არეში ძველი ნაწიბურების კვალი ემჩნეოდა ზერელე ნაკვეთი ჭრილობების სახით. მაგრამ ის ნაწიბური შესაძლოა, რამდენიმე თვის ან წლის წინანდელი იყოს. ტრავმული დაზიანება ძვლებში და ელექტროშოკის კვალი არ გვინახავს. გვამს შესაძლოა, ტრანსპორტირების დროს მიეღო კიდევ დაზიანებები”, – განაცხადა ირაკლი თოიძემ “მთავარში”.   

მსგავსი თემები