,,ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლები გადაწყვეტენ, ვინ უნდა იყოს მათი რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რეგიონული არჩევნები ჩანიშნა. როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობა პარტიის წევრების გარდა, მხარდამჭერებსაც შეეძლებათ.მისივე თქმით, 30 აპრილამდე უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი.

,,უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა, შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, ვგულისხმობ, ქალაქებს, რაიონებს და დედაქალაქს, ანუ, საუბარია 73 საარჩევნო ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე, ყველა რაიონს, ქალაქს ეყოლება პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი.

შესაბამისად, 30 აპრილამდე, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში თუნდაც 1 აგურის დადება უნდა, 30 აპრილამდე, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მოგვმართეთ წერილობით, რომ ჩაერთოთ სამუშაო ჯგუფში, ან გაქვთ რაიმე სხვა ინიციატივა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები