რატომ ჩააგდო უმრავლესობამ ოპოზიციის ინიციატივა – „ეს არის მხარდაჭერის აქტი“ – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფნის მიუხედავად, რეგისტრაცია არ გაიარა, რითაც ოპოზიციის ინიციატივა ჩააგდო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მხარდაჭერის აქტი უწოდა და განმარტა, რატომ თქვენ რეგისტრაციაზე უარი.

„მნიშვნელოვანი განცხადება მინდა, გავაკეთო, რომელიც უკავშირდება კენჭისყრის საკითხს. პარლამენტი განეკუთვნება ხელისუფლების პოლიტიკურ შემადგენელს. ეს არის პოლიტიკური შემადგენელი ხელისუფლების სისტემაში, ისევე, როგორც მთავრობა. არის მესამე შტო ხელისუფლებაში, ესაა სასამართლო ხელისუფლება, რომელიც უნდა იყოს და არის დამოუკიდებელი. ჩვენ, პოლიტიკურ ხელისუფლებას სასამართლო სისტემასთან მიმართებით შეგვიძლია, გავაკეთოთ მხოლოდ ორი რამ.

ერთი – კანონების მიღება, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და მეორე არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ყველაფრის და მეორე ასპექტის გათვალისწინებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი, ეს არის მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული და  ეს არის ჩვენი პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ.

რაც შეეხება აქტის შინაარსს, პროცედურული საკითხის პოლიტიკური საფუძველი განვმარტე. რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, საპარლამენტო უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა, რომელსაც სასამართლოში კორუფციული სქემები უნდა გამოეშკარავებინა.

მსგავსი თემები