პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით.

,,ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტის მიღებით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებულ იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. მიზანშეწონილია მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში დაწყებით საფეხურზე დამატებით
მიღებულ იქნან ის ბავშვებიც, რომლებიც დაბადებულები არიან პირველ ნოემბრამდე,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები