,,გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული”- პრემიერი

სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საქართველოს საგამოძიებო სამსახურები 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან.

,,ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ალბათ ორი წლის განმავლობაში. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც იქნა გაწეული ერთობლივად და ჩვენ, ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია. გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, არის კატასტროფული და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც მანამდე, მოგეხსენებათ, ჯარი გაძარცვა ჯერ, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ატერორებდა. ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონრები. მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული.

ასე რომ, როდესაც ჩვენი ე.წ. რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა ჩვენს ევროპელებს, მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა. გახსოვთ, რომ შარშან, პირიქით, აბრალებდნენ თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები ამ საქმეში და ახლა ბიბისიმ, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ გამოავლინა და ამის თაობაზე უკვე მთელ საზოგადოებას ეცნობა. ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველდღე უნდა მოიხადონ ბოდიში ახლა უკვე როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე და უნდა მისცენ ახსნა- განმარტებები, თუ რატომ ფინანსდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები