,,უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე”- დავით კეზერაშვილი

ტელეკომპანია “ფორმულა” ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით, დავით კეზერაშვილი  განცხადებას ავრცელებს. კეზერაშვილის განცხადებით, „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს.

,,მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია „ფორმულას“ მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია). გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც  გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში.

დიდი მადლობა „ფორმულას“, მის  თითოეულ თანამშრომელს. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ასეთ უსამართლო ბრძოლაში მოგიწიათ ყოფნა. თქვენი სამოქალაქო პოზიცია და პროფესიული ღირსება ყოველთვის იყო და იქნება სამაგალითო ჩემთვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უამრავი ახალგაზრდა ჟურნალისტისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ მაყურებელს, ვინც არაერთ რთულ ვითარებაში თქვენ გვერდით დადგა და დარჩა „ფორმულას“ ერთგულად. ეს არხი დღეს ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და ამ მხრივ, სრულიად გამორჩეულია ქართულ მედია ბაზარზე.

შეჯამებისთვის კი, კიდევ ერთხელ, ყველას გარწმუნებთ, ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების სრული გავლით დავამტკიცებ საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას. ეჭვი არ მეპარება, რომ მორალურად წელგამართული განვაგრძობ თავისუფალი მედიის მხარდაჭერასაც და ყველა იმ ჯგუფის დახმარებასაც, რომელსაც სურვილი ექნება, თავი საბოლოოდ დავაღწიოთ რუსულ ჭაობს,”- აცხადებს კეზერაშვილი.

მსგავსი თემები