ირაკლი კვარაცხელიას შინაგანი ორგანოები ამოცლილი და შემდეგ დაბრუნებული აქვს – ექსპერტიზის დასკვნა

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადასვენებული ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა დაახლოებით 6 საათი გაგრძელდა.

ექსპერტის პირველადი ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცს ყელის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. ექსპერტიზამ დაადასტურა პირველადი ეჭვი, რომ ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. უფრო კონკრეტულად კი, ცხედრიდან შინაგანი ორგანოები ამოცლილი იყო, თუმცა შემდეგ ისევ ჩაბრუნებული.

ირაკლი კვარაცხელია აფხაზეთში, კერძოდ ოკუპირებული ტერიტორიის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა, სადაც ის ოკუპანტებს ჰყავდათ დაკავებული.

მისი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება „წითელმა ჯვარმა“ გუშინ მოახერხა. წუხელვე ცხედარი თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზაზე გადმოასვენეს. მიცვალებული ამჯერად სენაკში, საკუთარ სახლშია დასვენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია ელექტრო შოკით აწამეს, რის შემდეგაც შემოაკვდათ.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ ირაკლი თოიძის ინფორმაციით, გარდაცვლილს ყელზე თოკის ჩანართები ჰქონდა. თუმცა, ეს სიცოცხლის პერიოდში იყო მიყენებული თუ მას შემდეგ, დამატებითი კვლევები დაადგენს.

გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია გალში სამუშაოდ ხშირად გადადიოდა. ამჯერად, მისი დაკავება სწორედ სამუშაოდ გადასვლისას მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ოკუპანტებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც დააკავეს და სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. სწორედ იქ მოხდა მისი წამება და შემდეგ გარდაცვალება.

საქართველოს ხელისუფლება აპირებს ამ ტრაგიკულ საქმეს ბოლომდე მიჰყვეს და გაირკვეს, რამ გამოიწვია ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება.

მსგავსი თემები