სახალხო დამცველი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო, ხელისუფლებას მიმართავს და ყველა მექანიზმის გამოყენებას ურჩევს.

როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

„2019 წლის 12 მარტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება გალის რაიონში 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული.

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ირაკლი კვარაცხელიას უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაცვალების გამო და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით, ძალისხმევა არ დაიშუროს ეფექტური გამოძიებისა და სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად“ – აცხადებს ლომჯარია.

მისივე შეფასებით, შემაშფოთებელია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (გარდაცვლილის მიმართ დაკავების დროს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე), რაც დამატებით შესწავლას საჭიროებს.

„ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავება არის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი, რასაც, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხშირად აქვს ადგილი და წარმოადგენს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისა და უსაფრთხოების უხეშ დარღვევას საოკუპაციო ძალების მხრიდან.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის აუცილებლობას“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეს გადმოასვენეს.

მსგავსი თემები