საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი 29 წლის მამაკაცი გახდა

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალში გადმოასვენეს.

დეფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი რუსულ სამხედრო ბაზაზე ცემაში შემოაკვდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას რუს სამხედროებთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც ის დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო ზემო-სვანეთში, რეზო ქობალიამ განუცხადა, გარდაცვალებამდე, დაკავებულ კვარაცხელიასთან სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ექიმი სამხედრო ბაზაზე სოფელ თაგილონიდან გამოიძახეს, დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, ქართული მხარე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს. საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, ყველა პარტნიორი ქვეყანა და დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსშია.

„საქართველოს ყველა საელჩომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ აღნიშნული საქმის შესახებ ჩააყენოს საქმის კურსში ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა დეტალურად იყოს ინფორმირებულიი ამ აღმაშფოთებელი საქმის შესახებ. ყველა ობიექტური გარემოება უნდა დადგინდეს“, – განაცხადა საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი წითელი ჯვრის წარმომადგნლებმა გადმოასვენეს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცი გალში სამუშაოდ ხშირად გადადიოდა.

მსგავსი თემები