დნმ-ის აღებას სვეტიცხოვლის გადათხრა სჭირდება, ამაზე არ წავალთ – ბაგრატიონები

  •  

დედოფალ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი დავით ბაგრატიონს საკუთარი წინაპრების ამოთხრისკენ მიუთითებს და ამბობს, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკები სვეტიცხოვლის გადათხრას არ აპირებენ.

“დნმ-ის აღებას და გენიოლოგიის დადგენას სვეტიცხოვლის გადათხრა სჭირდება, რაზეც ოჯახი არ წავა. დავით ბაგრატიონი წავიდეს და ჯერ თავისი წინაპრები ამოთხაროს” – ეს განცხადება ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

უფლებადამცველის თქმით,  კვლევა ვერ ჩატარდება ისე, თუ ვინმეს დნმ ანალიზი არ აუღეს, რაც მინიმუმ იმ ადამიანისთვის მაინც უნდა იყოს ცნობილი, ვინც ამ ანალიზს იკეთებს.

„ვინმესთვის რომ დნმ-ის აღების ფაქტს ადგილი ჰქონოდა, ეს ინფორმაცია მინიმუმ იმისთვის მაინც ხომ უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვისაც აუღეს ეს ანალიზი. ვის აუღეს ჯერ ის გვითხრან?

ვისზეც ამბობს, რომ ჩაიტარაო, თვითონ მან დაადასტურა, რომ ეს არის დეზინფორმაცია, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და იმაზე მეტად მე როგორ შემიძლია, რომ ეს ეჭვები გავაქარწყლო? ამბობენ, რომ საპატიარქომ ჩაატარა, მაგრამ მათვე განაცხადეს გუშინ, რომ ასეთი ანალიზი არ ჩატარებულა.

თან ცოტა მიკვირს, რომ ეს საკითხი ისევ აქტუალობას ინარჩუნებს, იმიტომ რომ, რასაც ისინი გვთავაზობენ, ამით პირთა შორის ნათესავური კავშირის დადგენა ტექნოლოგიურად არ ხერხდება. ამაზე გვიპასუხა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ და გვითხრა, რომ დნმ ანალიზით პირთა შორის ნათესავური კავშირის დადგენა არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში არ ხდება,“ – აცხადებს ლევან გორელაშვილი.  

უფლებადამცველის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახი ამ მოთხოვნით მათ მიერ წაყენებული ბრალდების გადაფარვას ცდილობს.

„ამით ხდება გადაფარვა იმ ბრალდებებისა, რასაც ჩვენ მათ ვუყენებთ. ნებისმიერი სიტყვის უკან, რომელსაც ახლა ვამბობ, სასამართლოზე ვამბობ, ან ნებისმიერ დროს ვიტყვი, დგას მტკიცებულება და თუ ვინმე გადაამოწმებს, მე შემიძლია მას გადავცე მტკიცებულება, რომლითაც ამ სიტყვას ვადასტურებ.

გვეუბნებოდნენ, დნმ ანალიზი ჩაატარეთ და დაამტკიცეთ კავშირიო, არ ვიცოდით რას გვთავაზობდნენ და იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო, მივმართეთ კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც გვითხრა, რომ ამგვარად პირთა შორის ნათესაობის დადგენა ვერ ხდება. იმისთვის, რომ ეს დადგინდეს, საჭიროა ორი დნმ-ი – საკვლევი და შესადარებელი.

ამ დნმ-ის აღებას სჭირდება სვეტიცხოვლის გადათხრა. ბუნებრივია,  ჭორების გასაქარწყლებლად, ოჯახი ასეთ რაღაცაზე არ წავა, არც უნდა წავიდეს იმიტომ, რომ მათ თავიანთი წარმომავლობა დადასტურებული აქვთ დაბადების მოწმობებით, დავით ბაგრატიონს კი თავისი დაბადების მოწმობაც არ წარმოუდგენია.

მოდი, წავიდეს ჯერ თვითონ, თავისი წინაპრები ამოთხაროს, მათ შორის ჩაატაროს დნმ ანალიზი და დაადასტუროს, რომ მართლა ბაბუამისის შვილიშვილია.

ასეთი ეჭვები მეც შემიძლია გავაჩინო, რა მიშლის ხელს? ბუნებრივია, მაგრამ არ ვთამაშობ… თუმცა, მათი მხრიდანაც, იგივე მოთხოვნა არის არასერიოზული“, – განაცხადა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები