მეორადი საბურავებისა და ჯართის განთავსებაზე სანქციები მკაცრდება

„დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების  განთავსება მკაცრად გაკონტროლდება“, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების  მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების სახით, მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა.

„ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვაღელვებს და პირველივე დღიდან, როდესაც უფლებამოსილება ოფიციალურად გადმოგვეცა, ამაზე ზრუნვა დავიწყეთ. ჩვენი ინიციატივით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რათა ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურებას იწვევს, მოგვარდეს.

ერთ-ერთი ასეთი რეგულაციით, მკაცრად გაკონტროლდება დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების  განთავსება. ასევე, მათი რეალიზება იმ ადგილებში, რომელიც საამისოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო დაშვებულ ზონაში განთავსება-რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.


მსგავსი თემები