საპატრიარქოს ჩაურევლადაც მზად ვართ, მოვრიგდეთ – რა პირობით შეწყვეტენ დავას ბაგრატიონები?!

ბაგრატიონ-გრუზინსკები მზად არიან, სასამართლოდან სამეფო ოჯახის სარჩელი გაიხმონ და დავა შეწყვიტონ. თუმცა, ამისთვის საჭიროა, ყოფილმა სიძემ – დავით ბაგრატიონმა ერთი პირობა დააკმაყოფილოს. კონკრეტულ პირობაზე კი ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ეს პირობა ჩვენ პირველად მაშინ გავაჟღერეთ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ ბრალი დაგვდო, რომ ჩვენს სარჩელს თურმე ფარული არსი აქვს და ამ ფორმით რაღაც ლეგიტიმაციის მოპოვებას ვცდილობთ.

ესეც მორიგი ჭორი და დეზინფორმაციაა. ჩვენ მათ კონკრეტული პირობა შევთავაზეთ, რომელიც დღემდე ძალაშია. საუბარია შემდეგზე – რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა წერილობითი ფორმით დაადასტუროს, რომ მომავალში, აღარასდროს გამოიყენებს საქართველოს სამეფო სახლის სახელს. ჩვენ მზად ვართ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევწყვითოთ დავა. უბრალოდ, სასამართლომაც უნდა აუკრძალოს დავით ბაგრატიონ მუხრანელს ამ სახელის გამოყენება. ჩვენი სარჩელის მიზანი ეს არის“ – აღნიშნული განცხადება ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„მთავარის“ კითხვას, ჩაერია თუ არა საპატრიარქო პროცესებში და სთხოვა თუ არა მხარეებს მორიგება, ადვოკატმა უპასუხა, რომ მათ საპატრიარქოსთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მხარეს საპატრიარქოსთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. დღეს ვგეგმავდით, წერილობითი ფორმით გამოგვეთხოვა გავრცელებული ინფრომაცია წლების წინ დნმ-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა, საპატრიარქომ ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მათი ჩარევით თუ მონაწილეობით, არანაირი დნმ-ის ანალიზი არ ჩატარებულა.

ჩვენი მხარის კომუნიკაცია საპატრიარქოსთან მიმართებაში, არც მომრიგებლური და არც სხვა სახის არ ყოფილა. საპატრიაქოს ჩაურევლადაც მზად ვართ, მოვრიგდეთ“, – აღნიშნა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები