თბილისის ბიუჯეტმა ბაგა-ბაღების მშენებლობა 50 მილიონი ლარით დააფინანსა

თბილისის ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს, ბაგა-ბაღების ასაშენებლად 50 მილიონი ლარი გამოიყო. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო ​დიდუბის რაიონში, რომელიც 300 აღსაზრდელს მიიღებს და 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ათამდე საბავშვო ბაღი აშენდება, რამდენიმე ავარიულ ბაღს დემონტაჟი ჩაუტარდება და სტანდარტების დაცვით აშენდება, ხოლო რვა ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მთლიანად განახლდება სათამაშო მოედნებიც.

“2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი რეფორმის შედეგად საბავშვო ბაგა-ბაღები უფასო გახდა, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. დღეს თბილისის ბაღებში 60 ათასზე მეტი აღსაზრდელი გვყავს, თუმცა მოთხოვნა ძალიან დიდია და ხშირია შემთხვევა, როცა ამ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, მიმდინარე და მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში რამდენიმე ათეული ბაღის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებაა მიღებული,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები