„რესპუბლიკური საავადმყოფოს ამორტიზების გამო, შენობის რესურსის მხოლოდ 15%-ია ათვისებული“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის – თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. მისივე შეფასებით საავადმყოფო ამორტიზებულია და მისი მხოლოდ 15%-ია ათვისებული.

„სახელმწიფო დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა იყოს მძლავრი 400-500 საწოლზე გათვლილი, მულტიპროფილური, საუნივერსიტეტო საავადმყოფო. ამისთვის ერთადერთი მისაღები ლოკაცია დღევანდელი „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაა, მას აქვს ცენტრალური მდებარეობა, დიდი ფართობი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით ხელმისაწვდომობა. დღეს, „რესპუბლიკურის“ შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია“ – აცხადებს ცერცვაძე.

ინფექციონისტის შეფასებით, კლინიკა სამედიცინო სექტორის ფლაგმანის როლს ვეღარ ასრულებს.

„იყო რამდენიმე მცდელობა განახლებულიყო „რესპუბლიკური საავადმყოფო“, წინა ხელისუფლების დროს, 2-3 თუ სამჯერ გაიხსნა კიდეც. მაგრამ ეს რემონტი და შელამაზება იყო ფასადური, ბუტაფორიული და კლინიკა ვერ ახერხებდა იმ მასშტაბით ფუნქციონირებას, რა მასშტაბებიც უნდა ჰქონოდა. არაერთი გეგმა შედგა და არაერთი პროექტის შექმნის მცდელობაც იყო, მაგრამ დღემდე, ქვეყანა არის დიდი, სერიოზული, მულტიპროფილური დაწესებულების და განსაკუთრებით სახელმწიფოს დაქვემდებარებული კლინიკის გარეშე“, – აცხადებს ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები