,,ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს”- სალომე ზურაბიშვილი

,,ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს,”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ „დემოკრატიის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი არის შეხსენება, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერი.

„მინდა, საქართველოს სახელით მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს გასულ წელს გამოთქმული ინიციატივისთვის და კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწვევისთვის, წელს, როდესაც დემოკრატიის დაცვა და კონსოლიდაცია საჭიროა ისე, როგორც არასდროს. ჩვენ შარშან უკვე აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგნენ როგორც დიდი ხნის წინ დამკვიდრებული დემოკრატიები, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მყოფი ქვეყნები. ყველას წინაშეა დესტრუქციული გამოწვევები პოლარიზაციის, დეზინფორმაციის სხვადასხვა ფორმის, პანდემიის, სოციალური დაძაბულობისა და დისკრიმინაციის, კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების სახით.

ეს გამოწვევები, რომლებიც ჩვენს საზღვრებს შიგნით, თუ მის გარეთ ღვივდება, საბოლოოდ ანადგურებს ხალხის ნდობას მათი მთავრობების, ინსტიტუტებისა და თავად დემოკრატიის მიმართ, თუმცა არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რომ მსოფლიო დადგებოდა უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის სახით, რომელიც წარმოუდგენელ ნგრევას, ტანჯვას, ადამიანთა დანაკარგს და ადამიანის უფლებების ჩამორთმევას იწვევს. უკრაინის წინააღმდეგ ომი ნამდვილად არის ომი დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად.

როდესაც ვიკრიბებით დღეს, ამ კიდევ უფრო რთულ დროს, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ურყევი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ღირებულებებისა და სოლიდარობის მიმართ და შევასრულოთ ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

,,ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში”- სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები