“მინისტრობა საშუალოდ 1 წელი გრძელდება, რაც მათ მოტივაციას უკარგავს” – ნარჩემაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარლამენტის წევრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ მინისტრებს მოტივაციას უკარგავს ის, რომ თანამდებობაზე მათი მუშაობის პერიოდი საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ეს მცირე პერიოდი კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ სფეროში რეფორმების გაატარონ და პრინციპული ცვლილებები განახორციელონ.  

როგორც კობა ნარჩემაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკანასკნელი 10 წლის პოლიტიკურ პროცესებს თუ გადავხედავთ, მინისტრები ძალიან მოკლე დროში ტოვებენ თავიანთ თანამდებობებს და იცვლებიან.  

“როგორ შეიძლება, რომელიმე მინისტრს მოვთხოვოთ რეფორმის გატარება, როცა გადახედავს თავის წინამორბედებს და ხედავს, რომ მინისტრებს საშუალოდ 1 წელი არ გამოსდით თანამდებობაზე ნამუშევარი. რა ხედვების რეალიზების შესაძლებლობა ექნებათ, რომელ კვალიფიციურ კადრს ექნება სურვილი, რომელიმე უწყებას სათავეში ჩაუდგეს? ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა. ეს პოლიტიკა უნდა გავაფერადოთ, ასე აღარ გამოვა. პოლარიზებით ჩვენ თვითონ ვუწყობთ ხელს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივების გადავადებას. უნდა გავაჩინოთ საფუძველი კვალიფიციური ადამიანებისთვის, რომ ისინი დარჩნენ ხელისუფლებაში”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა “მთავარში”. “

მისი აზრით, ქვეყანას უნდა ჰყავდა პრინციპული მინისტრები და ​პოლიტიკა პრინციპულობისგან არ უნდა იყოს დაცლილი.

“პოლიტიკაში პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია. რა გვირჩევნია, იყვნენ მინისტრები, რომლებსაც არ აქვთ ფასეულობები და პრინციპები, თუ იყვნენ მინისტრები, რომლებიც თავიანთ პრინციპებზე მტკიცედ დგანან? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხედვებს და განვითარების პერსპექტივებს პრინციპული ადამიანები ქმნიან. პატივს ვცემ ყველა პრინციპულ ადამიანს, ვისაც აკვიატება კი არ აქვს და საბაბს კი არ ეძებს, არამედ იცავს თავის ღირებულებებს”, – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი. 

მსგავსი თემები