,,ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას”- რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მოთხოვნები

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები რეკონსტრუქციის პარალელურად კლინიკის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას,  საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის გადადგომასა და პრემიერ-მინსიტრთან შეხვედრას ითხოვენ.

,,17 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა. ეს ის კლინიკაა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას და დაარსების დღიდან დგას ხალხის სამსახურში. თავგანწირვით და ღირსეულად ემსახურება თავის ქვეყანას და თავის მოქალაქეებს. აღნიშნულს მალევე მოჰყვა ზემოთ ხსენებულ განცხადება, რომ კლინიკა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და უნდა დაინგრეს. თუმცა არსებობს სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული კლინიკის რეაბილიტაციის პროექტი.

ჩვენი მოთხოვნაა, პირველი -ვითხოვთ დაუბრუნდეთ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას, არსებული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს კლინიკის რეაბილიტაციას მუშაობის უწყვეტობის პირობებში, აგრეთვე ნებისმიერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პროცესში, არსებული პერსონალის სრულ და უპირობო შენარჩუნებას.

მეორე – ვინაიდან კლინიკის მოქმედი დირექტორი, არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, ეწევა მის დისკრედიტაციას და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოვითხოვთ გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან,

მესამე- პრემიერმინისტრის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან არ მიდის სწორი ინფორმაცია. ამიტომ, საკითხით საბოლოო დაზუსტების მიზნით, ვითხოვთ პრემიერმინისტრთან შეხვედრას”- აცხადებენ ექიმები.

მსგავსი თემები