,,მაინტერესებს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, არა იმიტომ, რომ მეშინია ციხის, არამედ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი”- ლაშა ფურცხვანიძე

„ბრალად მდებენ, რომ 150-ლარიანი რელეს დაზოგვის გამო შევიწირე ბავშვის სიცოცხლე და საზოგადოებაში ცდილობენ ჩემს დამნაშავედ წარმოჩენას,”- ამის შესახებ ვაკის პარკის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლოზე განაცხადა.

ფურცხვანიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ”იმის მაგივრად, რომ თქვენ დაგეცვათ ტრაგედიის ადგილი, იმავე საღამოს, წინასწარი განზრახვით მოსპეთ ყველანაირი მტკიცებულება და ისე დააზიანეთ ყველაფერი, რომ ვერ აღდგენილიყო პირვანდელი სურათი”.

,,მე, როგორც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, შეგიძლიათ ბრალი დამდოთ მრავალ ცოდვაში, მაგრამ იმას, რასაც თქვენ ასე უნიჭოდ ცდილობთ დამაბრალოთ, ვერ დამაბრალებთ, რადგან ჩემს გაუთავებელ თხოვნებზე, გამოგეძიებინათ ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ. იმიტომ, რომ თქვენ თავგამოდებით ცდილობთ და ცდილობდით, არ დაგეკითხათ ის ჩინელი ინჟინერი, რომელიც თვე-ნახევარი ამონტაჟებდა აპარატურას აღნიშნულ შადრევანზე. არ დაკითხეთ ადამიანი, რომლის გარდა არავის არ შეუძლია, გასცეს პასუხი ჩემთვის და საზოგადოებისათვის ყველაზე საინტერესო კითხვას პასუხი – რა გახდა ამ ტრაგედიის რეალური გამომწვევი მიზეზი. მე, პირადად მაინტერესებს ამ ტრაგედიის რეალური გამომწვევი მიზეზები. იმიტომ კი არა, რომ მეშინია ციხეში არ ჩამსვან, არამედ იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებით, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი. თქვენ კი გაინტერესებთ მხოლოდ ის, რომ ფორმალურად დამიმტკიცოთ თქვენს მიერვე გამოგონილი ბრალდება და იმაზეც კი არ იწუხებთ თავს, საზოგადოებას დააჯეროთ თქვენი გამოგონილი ვერსია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რაიმე მაინც გამოვიძიოთ ამ ტრაგედიაში რეალურად. თქვენ იმედი გაქვთ, იმ რვა ადამიანიდან, რომლებიც ჩემთან ერთად გაამწესეთ გლდანის ციხეში, რომელიმე მაინც გატყდება, დაეცემა და აღიარებს არჩადენილ დანაშაულს და სხვებს დაადებს ასევე ხელს. არ მიყვარს დაპირებები, მაგრამ გპირდებით, რომ ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედი“,- განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

მსგავსი თემები