,,ვაღიარებ, გუშინ არ გავცნობილვარ და არ დავინტერესებულვარ, რა როგორ მიირთვა და როგორ წარმართა საკუთარი დღე”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თემა უკვე დამღლელია. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა სააკაშვილმა თვითდაზიანება შეწყვიტოს და  ჯანმრთელი იყოს.

„მართალი გითხრათ, ეს თემა უკვე დამღლელია. დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც, ჟურნალისტებისთვის, ვინც ამ კითხვას სვამთ, რადგან მე, მაგალითად, ვაღიარებ, რომ გუშინ არ გავცნობილვარ და არ დავინტერესებულვარ, რა როგორ მიირთვა და როგორ წარმართა საკუთარი დღე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მას თავს ახვევია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, როგორც ეს ცალსახად და მკაფიოდ განაცხადეს მთავრობის შესაბამისმა წევრებმა, ჯანდაცვის მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა. ყველაფერი კეთდება, რათა მან შეწყვიტოს თვითდაზიანება და იყოს ჯანმრთელი, მეორე მხრივ, არის იმის სრული მზაობა, რომ თუ ოჯახის მიერ შერჩეული საერთაშორისო დონის მედიკოსი ჩამოვა, რა თქმა უნდა, ის იქნება დაშვებული პაციენტთან. მეტი უკვე აღარც ვიცი, რა შეიძლება, ამ თემაზე ითქვას. მან უნდა შეწყვიტოს თვითდაზიანება, განაახლოს სრულფასოვანი კვება, რათა როდესაც სასჯელს მოიხდის, იმ დროისთვის მან შეძლოს, დაუბრუნდეს იმ საზოგადოებას, რომელსაც ის ეკუთვნის და ვის ეკუთვნის, ამას თვითონ აირჩევს ალბათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები