„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტის წევრის და შესაბამისად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა“ – ირაკლი კოვზანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო! მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტში შვიდწლიანი დინამიური და გამოწვევებით აღსავსე მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტის წევრის და შესაბამისად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

ჩემი ხელმძღვანელობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარტნიორ ინსტიტუციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმა, როგორც ფისკალური ასევე მონეტარული მიმართულებით. დაწესდა ადეკვატური ზედამხედველობა ბიუჯეტურ პროცესზე და სახელმწიფო ფინანსების მიზნობრივ გამოყენებაზე. კომიტეტის აქტიური მონაწილეობით მიღებულია მნიშვნელოვანი კანონები, როგორც საბანკო და სადაზღვევო სისტემებში ჯანსაღი კორპორატიული მართვის დანერგვისა და გაძლიერების, ასევე ადეკვატური საბანკო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.

მიუხედავად უამრავი გამოწვევისა (გარე და შიდა შოკები, პანდემია, რეგიონში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, ინფლაციური პროცესები და სხვა) ქვეყანაში, დღეისათვის, შენარჩუნებულია მაკრო-ეკონომიკური მდგრადობა, საბანკო სექტორის სიჯანსაღე და მაღალი ლიკვიდობა, ბიუჯეტის დეფიციტი კონტროლს ექვემდებარება, ლარის კურსი სტაბილურია.

სისტემური რეფორმების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების: სავალუტო ფონდის(IMF), მსოფლიო ბანკის(World Bank), ევრობანკის(EBRD), IFC, USAID, KFW და სხვა დონორების მუდმივი მხარდაჭერა, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა მათ.

საპარლამენტო მუშაობის დასრულების შემდეგ, ვაპირებ დავუბრუნდე საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას.

და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს პარლამენტში მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. პარლამენტს და კოლეგებს ვუსურვებ შემდგომ ნაყოფიერ საქმიანობას და წარმატებებს!“, – წერს კოვზანაძე.

 

მსგავსი თემები