,,პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი, ვიდრე ომი არ დასრულდება უკრაინაში”- თეონა აქუბარდია

„თქვენ დღეს დაგვიანონსეთ, რომ არაფორმალურად იგეგმება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, თქვენ პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი მანამდე, სანამ ომი არ დასრულდება უკრაინაში“,- მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე,  სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„თქვენ დღეს დაგვიანონსეთ, რომ არაფორმალურად იგეგმება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, თქვენ პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი მანამდე, სანამ ომი არ დასრულდება უკრაინაში. რაც მე მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, ერთი მხრივ, თუ ვინ მოიგებს ამ ომს, მაშინ, როდესაც სრულიად დასავლეთი შეთანხმებულია და გაერთიანებული, რომ უკრაინა იცავს თავის სუვერენიტეტს და თქვენ ხედავთ მათ შორის რესურსებს და ძალისხმევას, რომელიც ამ მხრივ არის გადადგმული“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც ამ გამოსვლებს და შეფასებებს ისმენენ, ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახონ თუ  სად დგას „ქართული ოცნება“ და სად ქართველი ხალხი.

„ომი აუცილებლად დასრულდება, როდის არ ვიცით, თუმცა დასრულდება აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით, რაც არის მისი სუვერენიტეტის დაცვაში და ჩვენც, როდესაც გვაქვს სუვერენიტეტი მორღვეული რუსეთის მხრიდან, რომელიც არ აჩერებს საქართველოს წინააღმდეგ ომს სხვადასხვა განზომილებაში, საინფორმაციო განზომილებაში, დეზინფორმაცია-პროპაგანდაში, რომელსაც თქვენ თქვენს განცხადებებში სამწუხაროდ, აქტიურად იმეორებთ.

დღეს მე მინდოდა თქვენგან მომესმინა როგორ ახდენთ სუვერენიტეტის დაცვას იმ ქვეყნის, რომელსაც აქვს რუსული ოკუპაცია, განგრძობითი ანექსია და რას ეუბნებოდით ჩვენს მოქალაქეებს ამ ვითარებაში და თქვენგან მოვისმინე მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ არა თუ აპირებთ დოკუმენტების გამოცემას და ხალხისთვის გაცნობას, თუ როგორ იცავთ თქვენ ქვეყნის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მეგობრები, რომლებიც არა რომელიმე პარტიის, არამედ ქართველი ხალხის მეგობრები არიან, ღიად მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობაზე, თქვენ ვერ შეძლებთ და არ მოგცემთ იმის უფლებას ხალხი, რომ გადაუხვიოთ ქვეყნის მიერ არჩეულ გზას და ვერ განახორციელებთ იმას, რომ რუსული გავლენებით დააშინოთ საკუთარი მოსახლეობა ომით“,-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი თემები