,,ამ ქვეყნის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, გადარჩენაც კი მხოლოდ ევროპაშია, ეს ესმის სვირინგიან ადამიანსაც და ნებისმიერ ადამიანს”- თინათინ ბოკუჩავა

„ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც  თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ,  ისინი იცავენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და არა თქვენ“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა სურს, სინამდვილეში ასამარებს ამ ქვეყნის უსაფრთხო და დემოკრატიულ მომავალს, იმიტომ, რომ ქვეყნის უსაფრთხო მომავალი მხოლოდ ევროპაშია.

„ეს ესმის ყველას. ესმის სვირინგიან ადამიანსაც, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც თქვენ გარეგნობას უწუნებთ. რიტორიკის მიუღებლობა, ნებისმიერი პარტიული კუთვნილების მიუღებლობაც კი არ უნდა განსაზღვრავდეს პოლიტიკურ დისკურსს.

დღეს უნდა არსებობდეს ერთადერთი გამყოფი ხაზი, ან ხართ რუსეთისკენ, ან ხართ დასავლეთისკენ, ან ხართ მტრისკენ, ან ხართ -მოყვრისკენ,  ან ხართ უკრაინისკენ ან ხართ პუტინისკენ, საერთაშორისო დამნაშავისკენ.

სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებად“ წოდებულმა რუსულმა ოცნებამ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, მაგრამ დღეს გახდა ეს არჩევანი ყველაზე ცხადი, და ამას ცხადად ხედავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ყველაზე ცხადად ხედავენ ამას ახალგაზრდები, რომელთა სწრაფვა თავისუფლებისკენ არის ყველაზე მიუღებელი თქვენთვის“, – მიმართა პრემიერ-მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მსგავსი თემები