ავტომანქანების 45%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

„ტექდათვალიერების შედეგად, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ავტომობილთა 45 პროცენტი დახარვეზდა, საიდანაც 10-15 პროცენტი გამონაბოლქვზე და დაახლოებით ამდენივე პროცენტი სამუხრუჭე სისტემასთან დაკავშირებით მოდის, დანარჩენი კი, ძირითადად ვიზუალური ხარვეზებია“, – აღნიშნულის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„პირველი იანვრიდან დღემდე 140 ათას ერთეულ ავტოსატრანპორტო საშუალებას ჩაუტარდა ინპექტირება. აქედან 78 ათასი ვარგისადაა მიჩნეული, ხოლო 62 ათასი უვარგისია, ანუ ავტომობილების 45-მა პროცენტმა ინსპექტირება ვერ გაიარა. თუმცა ინსპრეტირებაგავლილ 55 პროცენტში, არის განმეორებით მისული ავტომობილები, რომელთა გამართულობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია“, – აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.  

მისი თქმით, ავტომობილების დახარვეზების ძირითადი მიზეზი მათი ვიზუალური პრობლემებია, დანარჩენი წუნი კი თითქმის თანაბრად, გამონაბოლქვსა და სამუხრუჭე სისტემების გაუმართავობაზე ნაწილდება.  

„დახარვეზებაზე, პირევლ რიგში, დგას ვიზუალური პრობლემები, იგივე საქარე მინის დაზიანებები, შემდგომ, როცა პროცესზე შედის ავტომობილი, იქ უკვე 10-15 პროცენტი გამონაბოლქვზე ხარვეზედება, დაახლოებით იგივე პროცენტი სამუხრუჭე სისტემის გაუმართავობასთან დაკავშირებით, დანარჩენი ფარების გამო… ინსპექტირების ცენტრში დაახლოებით ასეთი ხარვეზებით არის დაწუნებული ავტომობილები“, – აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე და მძღოლებს მოუწოდებს, რომ ვიდრე ტექნიკურ დათვალიერებაზე მივლენ, ავტომანქანის ვიზუალური წუნი შეუძლიათ თვითონაც აღმოაჩინონ.  

მსგავსი თემები