,,ტელევიზიის ფლობა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია”- ირაკლი კობახიძე კეზერაშვილზე

„კეზერაშვილი დღეს უკვე ფულს შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ კაცს უზრუნველყოფილი აქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში“,– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტელევიზიის ფლობა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია.

,,ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი, რით აქვს მას ნაშოვნი ფული. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ უკვე კერძო სტრუქტურიდან ძარცვავდა ის ბიზნესს საქართველოში, მეორე მას ფული აქვს ნაშოვნი ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე და მესამე, დღეს ის უკვე ფულს შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე და მას ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა აქვს. რა თქმა უნდა, მისი ფული არის სისხლიანი ფული, ეს არის რეკეტით, ძარცვით ნაშოვნი ფული და როცა მას უწევს 5 მილიონი ევროს დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს მინიმალური სასჯელია, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს ყველა იმ უბედურებისთვის, რომელიც მას თავის დროზე აქვს ჩადენილი.

რა თქმა უნდა, ტელევიზიის ფლობა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შექმნის თავის ტელევიზიას. ეს კაცი დღეს მოქმედებს სისხლიანი ნაძარცვი ფულით და ამას სჭირდება სათანადო პასუხი, პირველ რიგში ქართული საზოგადოებისგან,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ  კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.

მსგავსი თემები